![]() |
|
ქართული სალიტერატურო ენა და მისი ისტორია
ქართული სალიტერატურო ენა არის ქართული ეროვნული ენის უმაღლესი და დახვეწილი, ნორმირებული სახე. ქართული სალიტერატურო ენა ამავდროულად არის სამწერლობო ენა. ცნობილი ფაქტია: ეროვნულ ენას ქმნის ერთობლიობა იმ ენობრივი მოვლენებისა და მასში მონაწილე ელემენტებისა, რომლებიც საერთოა ყველა (ან უმეტესი წილი) ტერიტორიული, სოციალური და პროფესიული დიალექტებისათვის; აგრეთვე ყველა ზედიალექტური წარმონაქმნისათვის. სალიტერატურო ენა კი ეფუძნება ამ საერთო მონაცემს და მის ნორმირებულ, დახვეწილ სახეს წარმოადგენს. სალიტერატურო ენა ითვალისწინებს ეროვნული ენის განვითარების ტენდენციებს და ყოველ ეპოქაში შესაბამისი წესების სახით ამკვიდრებს მას. ქართული სალიტერატურო ენა ატარებს ყველა იმ ნიშანს, რაც დამახასიათებელია ზოგადად სალიტერატურო ენისათვის: ა) იგი არის საერთო და სავალდებულო ყველასათვის, ვინც ამ ენაზე მეტყველებს; ბ) ქართული სალიტერატურო ენა არის სამწერლობო და ზეპირი (განსხვავებით დიალექტებისაგან, რომლებიც მხოლოდ ზეპირი მეტყველების სახით არსებობენ); გ) ქართული სალიტერატურო ენა არის ნორმირებული; დ) ქართული სალიტერატურო ენა არის ოფიციალური ურთიერთობის საშუალება (იგი გამოიყენება: სახელმწიფო მმართველობაში, სასამართლოში, განათლების სფეროში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, რელიგიაში, არმიასა და სპორტში, ყოფაცხოვრებაში...).
ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის ათვლას ვიწყებთ V საუკუნიდან, ვინაიდან დოკუმენტირებული მწერლობა სწორედ ამ დროიდან გვაქვს. თავისი განვითარების 16 საუკუნის მანძილზე ქართულმა ენამ იმდენად უმნიშვნელოდ იცვალა სახე, რომ უძველესი წერილობითი ძეგლები დღევანდელი მკითხველისათვის გასაგებია (შეადარეთ განსხვავებული ვითარება: ძველი ბერძნული ენა და ახალი ბერძნული ენა, ძველი სომხური ენა და ახალი სომხური ენა...). სწორედ ამიტომ მიაჩნიათ, რომ ქართული სალიტერატურო ენა არის ”თხუთმეტსაუკუნოვანი მთლიანობა” (რ. თვარაძე).
ქართულმა ენამ, როგორც დამახასიათებელია ნებისმიერი ცოცხალი ენისათვის, დროთა განმავლობაში გარკვეული ცვლილებები განიცადა. ამ ცვლილებების, შესაბამისად, სალიტერატურო ენაც წესების სახით ამკვიდრებდა. ამისდაკვალად, ქართული სალიტერატურო ენის განვითარებაში შეიძლება გამოიყოს რამდენიმე პერიოდი (რამდენიმე ეტაპი). ენის განვითარების პერიოდებს განვიხილავთ როგორც დროში ცვლილების შედეგად წარმოქმნილ ნაირსახეობებს (სივრცეში ცვლილების შედეგად წარმოქმნილი ნაირსახეობა არის დიალექტი). თუ გავითვალისწინებთ იმ სისტემურ ცვლილებებს, რომელიც განიცადა ქართულმა სალიტერატურო ენამ, ქართული სალიტერატურო ენის განვითარებაში შეიძლება გამოიყოს ორი ძირითადი პერიოდი: ძველი ქართული სალიტერატურო ენა და ახალი ქართული სალიტერატურო ენა. როგორც ერთ, ისე მეორე პერიოდს აქვს ყველა ის ძირითადი ნიშანი, რაც არის დამახასიათებელი სალიტერატურო ენისათვის. ძველი ქართული სალიტერატურო ენა ძირითადად მოიცავს პერიოდს V საუკუნიდან XI საუკუნემდე. ახალი ქართული სალიტერატურო ენის საბოლოოო ჩამოყალიბება ხდება XIX საუკუნეში. XII-XVIII საუკუნეები _ ეს არის ფაქტობრივ გარდამავალი პერიოდი, სადაც თანაარსებობს როგორც ძველი ქართული სალიტერატურო ენის, ასევე ახალი ქართული სალიტერატურო ენის ფაქტები (მაგრამ არა გვაქვს საკუთრივ ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი, ძველისა და ახლისაგან განსხვავებული, ენობრივი მოვლენები და ფაქტები). ამ მონაკვეთს (XII-XVIII ს.ს.) საშუალ ქართულსაც უწოდებენ (ა. შანიძე). სამუშაო ტერმინად (პირობითად, გარდამავალი პერიოდისათვის) შეძლება გამოვიყენოთ საშუალი ქართულიც. თითოეულ პერიოდში სალიტერატურო ენის ნორმათა გათვალისწინებით, განვითარების ტენდენციების შესაბამისად შეიძლება გამოიყოს სხვადასხვა ეტაპი. ძველი ქართული სალიტერატურო ენის პერიოდში გამოყოფენ ”ხანმეტ” (V-VII ს.ს.), ”ჰაემეტ” (VII-IX ს.ს.) და ”სანნარევ” (IX-დან აქეთ) ეტაპებს. ე. წ. საშუალ პერიოდში ძირითადად გამოყოფენ ორ ეტაპს: პირველი - XII-XVI ს.ს. _ სალიტერატურო ენის განვითარება ცოცხალ მეტყველებასთან დაახლოების ნიშანით წარიმართა; იმავდროულად, აღმოსავლური პოეზიის ზეგავლენით ქართულში უხვად შემოდიოდა აღმოსავლური ლექსიკა. სამწუხაროდ, ამ პროცესს თან ახლდა ენის გაუბრალოების, გაპრიმიტიულობის საშიშროება... ეს რეალური საფრთხე განსაკუთრებით XVII-XVIII საუკუნეებში დაუდგა ქართულ ენას. უთუოდ ამგვარ ვითარებაზე რეაქციას წარმოადგენდა ანტონის სამი სტილის თეორია. სწორედ ეს XVII-XVIII ს.ს. შეიძლება გამოიყოს საშუალი ქართულის მეორე ეტაპად (ბ. ჯორბენაძე).
ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებაში გამოყოფენ ეტაპს – თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენა: XX საუკუნის 10-20-იანი წლებიდან მოყოლებული პრინციპულმა გარდაქმნებმა, ”ქართული უნივერსიტეტის დაარსებამ, ეროვნული თვითშეგნების აღორძინებამ, ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებამ ახალი თვალსაწიერი გადაუშალა ქართულ სალიტერატურო ენას. მას პირობითად თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენა შეიძლება ვუწოდოთ” (ბ. ჯორბენაძე). |
|