![]() |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მორფოლოგია
მეტყველების ნაწილები
ენაში არსებული სიტყვათა მარაგი _ ლექსიკურ ერთეულთა რაოდენობა _ განუსაზღვრელია. სიტყვები ერთმანეთისაგან განსხვავდება გრამატიკული (მორფოლოგიური და სინტაქსური), ლექსიკოლოგიური, სემანტიკური თვალსაზრისით. სწორედ ამ ნიშანთა საფუძველზე ხდება სიტყვათა დაჯგუფება კლასებად, რომელთაც მეტყველების ნაწილებს ეძახიან. ქართულში ტრადიციულად გამოყოფენ 10 მეტყველების ნაწილს: 1. არსებითი სახელი: კაცი, სახლი, ოცნება, დავითი, რიონი... 2. ზედსართავი სახელი: დიდი, პატარა, ქუდიანი, უქუდო... 3. რიცხვითი სახელი: ერთი, ათი, მილიონი, მეცხრე, მესამედი... 4. ნაცვალსახელი: მე, შენ, იგი, ვინ, რამე, ყველა, თითოეული... 5. ზმნა: წერს, ხატავს, დგას, დაფრინავს... 6. ზმნიზედა: გუშინ, ხვალ, აქ, ასე... 7. თანდებული: მიერ, გამო, შესახებ... 8. კავშირი: და, თუ, მაგრამ, ხოლო... 9. ნაწილაკი: არა, ვერა, ჰო, დიახ... 10. შორისდებული: ეჰ! ვაი! ყოჩაღ!.. ტრადიციულ კლასიფიკაციას, როგორც კლასიფიკაციას, ბევრი ნაკლი აქვს: ირღვევა საკლასიფიკაციო პრინციპი (მონაცვლეობს მორფოლოგიური, სინტაქსური, სემანტიკური და ლექსიკური პრინციპები) (არნ. ჩიქობავა); მაგრამ მიღებული თვალსაზრისის მიხედვით, «მიუხედავად ამისა, ასეთი დაყოფით ტრადიციულად შემუშავებულ ტერმინებს შეიძლება დღესაც ჰქონდეს ტექნიკური გამოყენება მეცნიერულ გრამატიკაში, რადგანაც თვითეული «მეტყველების ნაწილი» გარკვეული გრამატიკული ნიშნების მატარებელია, მორფოლოგიურისა ან სინტაქსურისა, და რაიმე ნიშნის მიხედვით განსხვავებული დანარჩენებისაგან» (ა. შანიძე).
ა რ ს ე ბ ი თ ი ს ა ხ ე ლ ი არსებითი სახელი არის სიტყვა, რომელიც მიემართება საგანს (ნივთს ამ მოვლენას). არსებითი სახელის არსებითი ნიშანი არის საგნობრიობა, ანუ იგი არის საგნის სახელი. ლექსიკური მნიშვნელობის მიხედვით, რასაც გრამატიკული თავისებურებებიც ახლავს, ქართულ ენაში გამოყოფენ არსებით სახელთა ათ ჯგუფს:
სულიერი ეწოდება საკუთარი ძალით მოძრავ ცოცხალ არსებებს, როგორიცაა: ადამიანები (კაცი, ქალი, ბავშვი, მეპურე, მასწავლებელი...) ცხოველები (ლომი, ირემი, ცხენი, ხარი...) ფრინველები (ჩიტი, ქორი, იხვი...) თევზები (კალმახი, ორაგული, ლოქო...) მწერები (კოღო, ბუზი...) ქვეწარმავლები (ხვლიკი, გველი...) უსულო ეწოდება ისეთ საგნებს, რომლებიც საკუთარი ძალით მოძრაობის უნარს არიან მოკლებულები: ყვავილი, ბალახი, მაგიდა, ფინჯანი, კალამი და სხვ.
ადამიანთა და არა ადამიანთა სახელები. ქართულ ენაში ის სიტყვა, რომელიც აღნიშნავს ადამიანს (ქალი, კაცი, ბავშვი, მეცნიერი, ექიმი, მეპურე, მეწაღე...) სხვა სახელებისგან იმით განსხვავდება, რომ დაესმის კითხვა ვინ, ყველა დანარჩენს კი – რა. საკუთარი და საზოგადო სახელები. საკუთარია სახელი, რომელიც ჰქვია ერთ რომელიმე საგანს, ქვეყანას ან კუთხეს, სოფელს ან ქალაქს, მთას, ადგილს, მდინარეს, ტბას და სხვ. საკუთარ სახელად ითვლება ადამიანთა სახელები, გვარები, ფსევდონიმები. საზოგადოა ერთნაირ საგანთა საერთო სახელი. იგი აღნიშნავს არა ერთ გარკვეულ საგანს, არამედ მრავალ ერთგვარ საგანს, როგორიცაა: ხე, ქვა, ბალახი, ყვავილი, სოფელი, ქალაქი, კოკა, დოქი, ცხენი, ლომი... საკუთარი სახელებია: ადამიანთა სახელები (ნინო, გიორგი), გვარები (მაჩაბელი, ჭონქაძე), ფსევდონიმები (ვაჟა-ფშაველა, არაგვისპირელი), ცხოველთათვის შერქმეული სახელები (გიშერა, წიქარა, აფთარა), გეოგრაფიული სახელები (საქართველო, მტკვარი, უშბა), ციურ მნათობთა სახელები (მზე, მთვარე, ვენერა), წიგნების, ჟურნალ-გაზეთების, მხატვრული ნაწარმოებების, დაწესებულება-ორგანიზაციების, ისტორიული მოვლენების, გემების სახელწოდებები... კონკრეტული და აბსტრაქტული სახელები. არსებითი სახელი კონკრეტულია ან აბსტრაქტული (განყენებული). კონკრეტულია სახელი, თუ ის აღნიშნავს ნივთიერი სახის მქონე საგანს: დაფა, მერხი, წიგნი, მერცხალი, ოქრო, წყალი, ჰაერი, ჟანგბადი... აბსტრაქტულია სახელი, თუ ის აღნიშნავს ისეთ რამეს, რომელსაც ნივთიერი სახე არ გააჩნია. მაგ.: სიბრძნე, სიმშვიდე, გულწრფელობა, ბედნიერება, ჭეშმარიტება... ვინ ჯგუფის სახელები ყველა კონკრეტულია, რა ჯგუფისა კი კონკრეტულიც შეიძლება იყოს და აბსტრაქტულიც. ზოგიერთი სახელი ერთ წინადადებაში შეიძლება კონკრეტული იყოს, მეორეში _ აბსტრაქტული. მაგ., მეზობლობა კონკრეტულია, როცა ვამბობთ: “მთელი მეზობლობა ივანესთან იყო სტუმრად”, მაგრამ აბსტრაქტულია ამ წინადადებაში: “ივანესა და გიორგის კარგი მეზობლობა ჰქონდათ”. კრებითი სახელები კრებითია კონკრეტული საზოგადო სახელი, რომელიც აღნიშნავს ერთგვარ საგანთა კრებულს, როგორიცაა: ხალხი, ერი, ჯარი, მოწაფეობა, სტუდენტობა, ჯოგი, გუნდი, ფარა, ხროვა... შენიშვნა: კრებითის მნიშვნელობა აქვს ნარ სუფიქსით წარმოქმნილ სახელს. მაგ.: ნაძვ-ნარ-ი, დაფ-ნარ-ი, ფიჭვ-ნარ-ი, წაბლ-ნარ-ი, ბუჩქ-ნარ-ი, ყვავილ-ნარ-ი, თიხ-ნარ-ი... ნარ სუფიქსით წარმოქმნილი სახელი აღნიშნავს ადგილს, სადაც უხვად არის ესა თუ ის საგანი. ნივთიერებათა სახელები ნივთიერებათა სახელები აღნიშნავენ ისეთ საგნებს, რომელთა დათვლა და ცალკე ერთეულებად წარმოდგენა შეუძლებელია. მაგ., ოქრო, ვერცხლი, რკინა, სპილენძი, თუჯი, შაქარი, რძე, თაფლი, ნივთი, ლობიო, მუხუდო, ფეტვი, ბურღული, ფქვილი, მატყლი, ბამბა, ქარვა, კირი, ქვანახშირი... ნივთიერებათა სახელებით აღნიშნული საგნები შეიძლება აიწონოს, საწყაოთი გაიზომოს, დათვლა კი შეუძლებელია, ამიტომ ნივთიერებათა სახელს მსაზღვრელად შეიძლება ახლდეს წონისა თუ საწყაოს აღმნიშვნელი სახელები, როგორიცაა: მისხალი, გრამი, კილოგრამი, ფუთი, ტონა, ჭიქა, ვედრო, ბოთლი... აგრეთვე სიტყვები: ბევრი, ცოტა. მაგ., ითქმის: მისხალი ოქრო, კილოგრამი შაქარი, ფუთი ფქვილი, ტონა ქვანახშირი, ჭიქა წყალი, ბოთლი რძე, ბევრი მატყლი... ნივთიერებათა სახელები ყველა კონკრეტულია და საზოგადო.
ბრუნებადი სიტყვა ბრუნებად სიტყვათა ანუ სახელთა შორის ძირითადი ადგილი არსებით სახელს უჭირავს. არსებითი სახელი იმ საბაზო მნიშვნელობებს (სემანტიკას) მოიცავს, რაც ადამიანის გარემომცველი სამყაროს მრავალფეროვან საგნობრივ შემადგენლობას ასახავს. სამყაროს ენობრივი შეცნობა უპირველესად მისი საგნობრივი მრავალფეროვნების სახელდებით ხორციელდება. აღსანიშნი, რომელსაც არსებითი სახელი, როგორც აღმნიშვნელი, მიემართება, არის საგანი ან მოვლენა. საგანი გულისხმობს ყველა მატერალურ (ნივთიერ) არსს (რომელთა აღქმა გრძნობათა ორგანოებით არის შესაძლებელი): ბავშვი, კვიცი, ჭია, მიწა, ნისლი, ქარი, ცეცხლი, სხივი... მოვლენა გულისხმობს განყენებულ (აბსტრაქტულ) ცნებებსა (სული, სევდა, ბედნიერება, სიყვარული...) და მოქმედებათა (პროცესთა) აღნიშვნას (ყინვა, ფიქრი, ლაპარაკი, ხატვა, წვიმა, ფრენა...). შენიშვნა: შესაძლებელია ერთი და იგივე სიტყვა მიმართებათა მიხედვით საგანსაც შეესაბამებოდეს და მოვლენასაც (შდრ.: “ახალგაზრდობა შეიკრიბა” და “ახალგაზრდობა ბედნიერი ხანაა”. არსებითი სახელი ამოიცნობა კითხვებით: ”ვინ ” და ”რა”; სხვაგვარად: ყველა სიტყვა, რომელიც ”ვინ” ან ”რა” კითხვას შეესაბამება, არსებითი სახელია.
არსებითი სახელის ფუძე
სახელის ფორმაწარმოების დროს ცვლილებას განიცდის (ექვემდებარება) სუფიქსური ელემენტი (ბრუნვის ნიშანი, რიცხვის ნიშანი), ხოლო სახელის ფუძე (ლექსიკური ბაზისი) უცვლელია (ან მხოლოდ ფონეტიკურად იცვლება). არსებითი სახელის ფუძე არის გრამატიკული ფორმის ის ნაწილი, რომელიც ფორმაწარმოების დროს უცვლელია როგორც ლექსიკური შინაარსის, ისე ფორმის (ძირითადი ფონემატური სტრუქტურის) მხრივ. ფუძე არის საყრდენი ფორმათა სისტემისათვის. ქართული არსებითი სახელის ფორმაწარმოება მარტივია, ერთტიპური; მისთვის ერთფუძიანობაა დამახასიათებელი. როგორ გამოვავლინოთ არსებითი სახელის ფუძე? ამისათვის არსებითი სახელი უნდა ჩავსვათ მოთხრობით ბრუნვაში; ბრუნვის ნიშნის ჩამოცილების შემდეგ რჩება სახელის სრული ფუძე. შდრ.: სახლ-მა წყარო-მ არსებითი სახელის ფუძე დაბოლოების მიხედვით ორგვარია: ა) ფუძე, რომელიც თანხმოვანზე ბოლოვდება, ანუ _ თანხმოვანფუძიანი: სახლ-, კედელ-, ბავშვ-. ბ) ფუძე, რომელსაც ხმოვანი აბოლოებს, ანუ ხმოვანფუძიანი: ბიძა, რძე, წყარო, ძუძუ... ფუძე შეიძლება იყოს როგორც უცვლელი, ისე ცვალებადი. მაგალითად: სახლ- უცვლელია, კედელ- ცვალებადი (კედლ-); წყარო უცვლელია, მუხა ცვალებადი (მუხØ-{ის}). შენიშვნა: 1. ფუძეში შეიძლება ორმაგი ცვლილებაც ხდებოდეს; მაგ.: ქარხანა → ქარხØნØ- 2. ი ბოლოკიდური ხმოვანი არსებით სახელებში, ჩვეულებისამებრ, ბრუნვის ნიშანია. მაგრამ ი ფუძის კუთვნილებაა უცხო წარმომავლობის რამდენიმე არსებით სახელში: ჩაი, ტრამვაი...
ფუძისა და აფიქსთა ურთიერთმოქმედება
ფორმაწარმოების (ბრუნებისა თუ რიცხვის წარმოების) პროცესში არსებითი სახელის ფუძე და ბრუნვის ნიშნები ურთიერთმოქმედებენ. ამ ურთიერთმოქმედებამ შეიძლება ერთ-ერთ მათგანში ფონეტიკური ცვლილება გამოიწვიოს. ბრუნვის ნიშანთა ცვლილებას იწვევს ფუძის ბოლოკიდური ხმოვანი. ფუძის ცვლილების გამოწვევა კი შეუძლია ბრუნვის ნიშანს, რომელსაც აქვს დახურული მარცვლის სტრუქტურა _ VC.
ფუძის კუმშვა
თანხმოვანფუძიანი სახელის ფორმაცვალების (ბრუნვის, აგრეთვე, რიცხვის წარმოების) დროს სახელის ფუძემ შეიძლება დაკარგოს ბოლოკიდურა მარცვლის ხმოვანი. ამ მოვლენას კუმშვა (რედუქცია) ჰქვია. ფუძე, რომელსაც კუმშვა ახასიათებს, კუმშვადია. კუმშვის პროცესის მოსახდენად აუცილებელია სათანადო პირობები: ა) VC სტრუქტურის სუფიქსი (ნათ., მოქ., ვით. ბრუნვის ნიშნები: -ის, -ით, -ად; მრავლობითის -ებ): ბ) ფუძის აუსლაუტის, ანუ სარედუქციო სეგმენტის, სტრუქტურა უნდა იყოს _VS, ანუ ხმოვანი პლუს სონორი (აგრეთვე _ ვ). შენიშვნა: 1. არის რამდენიმე გამონაკლისი, როცა VC სტრუქტურის აუსლაუტი იკუმშება (მაგ., ყასაბ-ი...); 2. VSC სტრუქტურის აუსლაუტის კუმშვის ერთადერთი მაგალითი დასტურდება (ღმერთ-ი). ამგვარად, კუმშვა ხდება სამ ბრუნვაში: ნათესაობითში, მოქმედებითსა და ვითარებითში (აგრეთვე -ებიან მრავლობითში). იკუმშება სამი ხმოვანი: ა, ე, ო. ხმოვნის კუმშვა, ჩვეულებისამებრ, სრულია, მაგრამ ო ხმოვანს, თუ დამატებითი პირობები არ არის, ახასიათებს ნაწილობრივი კუმშვა (ანუ ო → ვ პროცესი): მაწონ-ი → მაწვნ-ის... ო ხმოვნის რედუქციის დამატებით პირობას წარმოადგენს ლაბიალური ბგერის (ხმოვნის ან თანხმოვნის) არსებობა სარედუქციო სეგმენტის წინა პოზიციაში: საპონ-ი → საპØნ-ის, კოკორ-ი → კოკØრ-ის...
ფუძის კვეცა
კვეცა არის ფუძის ბოლოკიდური ხმოვნის ჩამოშორება ბრუნვის ნიშნის გავლენით. ამდენად, კვეცა ახასიათებს ხმოვანფუძიან სახელებს. ფუძე, რომელიც იკვეცება, კვეცადია. კვეცა ხდება ორ ბრუნვაში: ნათესაობითსა და მოქმედებითში. იკვეცება ორი ხმოვანი _ ა და ე. ძმა → ძმØ-ის, ძმØ-ით; რძე → რძØ-ის, რძØ-ით. შენიშვნა: ერთადერთი კვეცადი ო-ხმოვნიანი ფუძეა ღვინო: ღვინØ-ის. თავისებურია კვეცის მოვლენა -ებიან მრავლობითში: ამ შემთხვევაში ა ხმოვანი იკვეცება, ე ხმოვანი კი უკვეცელად რჩება; შდრ.: ძმა → ძმØ-ებ-ი, მაგრამ: დღე → დღე-ებ-ი...
კვეცად-კუმშვადი ფუძეები
ხმოვნით დაბოლოებულ ფუძეთა მცირე რაოდენობა (ათიოდე სახელი) ერთდროულად განიცდის ორივე მითითებულ პროცესს _ იკვეცება და იკუმშება. კვეცა და კუმშვა ხდება სამ ბრუნვაში: ნათესაობითსა, მოქმედებითსა და ვითარებითში, ანუ კვეცა ამ შემთხვევაში განსხვავებულია ოდენ კვეცისაგან. კვეცადი სახელებია: ქარხანა, პეპელა, მოყვარე, მხარე... ქარხანა → ქარხØნØ-ის... მოყვარე → მოყვØრØ-ად...
ბრუნება. ბრუნვათა რაოდენობა და რიგი
სახელთა ფორმაცვალებას, ანუ მიმოხრას ბრუნვათა მიხედვით ბრუნება (დეკლინაცია) ეწოდება. ბრუნვათა რაოდენობა დღევანდელ სალიტერატურო ქართულში, მიღებული შეხედულების თანახმად, შვიდია. თითოეულ ბრუნვას თავისი სახელი ჰქვია და აქვს საკუთარი ნიშანი. ამდენად, ერთი და იგივე სახელი მნიშვნელობის შეუცვლელად შეიძლება შვიდი სხვადასხვა ფორმით შეგვხვდეს. მნიშვნელობის შეუცვლელად სახელის ცვლას დაბოლოებათა მიხედვით ბრუნება ჰქვია, ხოლო თითოეულ ფორმას ბრუნვა ეწოდება. ქართულში შვიდი ბრუნვაა. ეს ბრუნვებია: სახელობითი, მოთხრობითი მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი, ვითარებითი, წოდებითი. თითოეულ ბრუნვას თავისი ნიშანი აქვს. ბრუნვათა ძირითადი ნიშნებია: სახელობითი -ი
ბრუნვის ნიშანთა გავრცობა
მიცემითში, ნათესაობითში, მოქმედებთსა და ვითარებითში ბრუნვის ნიშანი შეიძლება გაივრცოს ა ხმოვნით. მაგ.: არწივს და არწივსა, არწივის და არწივისა, არწივით და არწივითა, არწივად და არწივადა. სახელობითი არწივ-ი ამხანაგ-ი ბრუნვის ნიშანთა გავრცობა უფრო ხშირია პოეზიაში.
სახელის ბრუნების ძირითადი ტიპები
სახელის ბრუნების საერთო სისტემა შეიძლება გავანაწილოთ ხუთ ქვეტიპად, თუმცა, გვაქვს გარკვეული სისტემური გამონაკლისებიც. ეს ხუთი ძირითადი ტიპია: ფუძეთანხმოვნიანი სახელები უკუმშველი კუმშვადი სახ. სახელ-ი კედელ-ი
ფუძეხმოვნიანი სახელები
უკვეცელი კვეცადი კუმშვად–კვეცადი სახ. წყარო მთვარე ფანჯარა შენიშვნა: კუმშვად-კვეცად ფუძეებში კუმშვა და კვეცა ხდება ვითარებით ბრუნვაშიც.
ზედსართავი სახელი ზედსართავი სახელი გამოხატავს საგნის ნიშან-თვისებას და ახლავს არსებით სახელს. ზედსართავი სახელის კითხვებია: როგორი? რომელი? სადაური? როდინდელი? მაგ.:
ვითარებითი და მიმართებითი ზედსართავი სახელი ზედსართავი სახელი ორგვარია: ვითარებითი და მიმართებითი. მიმართებითი ზედსართავი სახელი წარმოქმნილია თვით ზედსართავისაგან ან სხვა მეტყველების ნაწილებისაგან. შინაარსის მიხედვით წარმოქმნილი ზედსართავი სახელები შეიძლება აღნიშნავდეს: ყოლა-ქონას, უყოლობა-უქონლობას, სადაურობას, დანიშნულებას, ხარისხს... ხარისხის ფორმები
ვითარებით ზედსართავ სახელს ჩვეულებრივ ეწარმოება ხარისხის ფორმები, რომლებიც ძირეულთან მიმართებით მეტი ან ნაკლები ოდენობით გამოხატავენ საგნის თვისებას: დიდი _ უდიდისი, მოდიდო; თეთრი _ უთეთრესი, მოთეთრო. ეს ფორმები ერთმანეთის მიმართ ხარისხის ფორმებია. ძირეულ ფორმას (დიდი, თეთრი) დადებითი ჰქვია, მისგან წარმოქმნილებს _ უფროობითი (აღმატებითი) და ოდნაობითი (შედარებითი). ზოგიერთ ვითარებით ზედსართავს არ ეწარმოება ხარისხის ფორმები (მაგ., კოჭლი), ზოგს მხოლოდ ოდნაობითი ეწარმოება (თბილი _ მო-თბ-ო), ზოგსაც უფროობითი (წმინდა _ უ-წმინდ-ეს-ი). უფროობითი ხარისხის ფორმა ეწარმოება ზოგიერთ წარმოქმნილ და რთულ ზედსართავსაც: ჭკვ-იან-ი, უ-ჭკვი-ან-ეს-ი; ძლ-იერ-ი, უ-ძლიერ-ეს-ი. ხარისხის ფორმათა წარმოებისას ზოგიერთ ელ და ილ სუფიქსიან სახელს ე. წ. მოკლე ფორმები ეწარმოება: გრძ-ელ-ი, უ-გრძ-ეს-ი, მო-გრძ-ო; ოდნაობითი არა აქვს. ზედსართავი სახელი, ჩვეულებისამებრ, არსებით სახელს ახლავს და მისი განსაზღვრებაა: ავი ძაღლი, კარგი კაცი. ზოგჯერ არსებითი სახელი გამოტოვებულია, ზედსართავი სახელი მისგან დამოუკიდებლად არის ნახმარი და არსებითი სახელის მნიშვნელობა აქვს: ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო? (დ. გურ.). რ ი ც ხ ვ ი თ ი ს ა ხ ე ლ ი რიცხვითი სახელი აღნიშნავს საგნის რაოდენობას ან რიგს, ან გამოხატავს საგნის ნაწილს მთელთან მიმართებით. იგი სამი სახისაა: რაოდენობითი, რიგობითი და წილობითი. სამი რაოდენობითია, მესამე _ რიგობითი, მესამედი კი _ წილობითი. ტერმინები შექმნილია რიცხვით სახელთა ფუნქციის მიხედვით. ზედსართავ და რიცხვით სახელთა ბრუნება დამოუკიდებლად ნახმარი ზედსართავი და რიცხვითი სახელები ისევე იბრუნვის, როგორც მსგავსი ფუძის არსებითი სახელი როცა ზედსართავი ან რიცხვითი სახელი არსებითს ახლავს, ანუ მსაზღვრელია, იგი იბრუნვის არსებით სახელთან ერთად. წინამავალი მსაზღვრელი ნაწილობრივ შეეთანხმება მას. თუ ფუძეთანხმოვნიანია, უცვლელად რჩება, თუ ფუძეხმოვნიანია, მომდევნო მსაზღვრელი სრულად შეეთანხმება საზღვრულს. მაგ.: ფუძეთანხმოვნიანი სახ. დიდი-ი მინდორ-ი მინდორ–ი დიდ–ი ფუძეხმოვნიანი სახ. პატარა ბურთ-ი ბურთ–ი პატარა ნ ა ც ვ ა ლ ს ა ხ ე ლ ი ნაცვალსახელი ჰქვია მეტყველების ნაწილს, რომელიც იხმარება არსებითის, ზედსართავისა და რიცხვითი სახელების ნაცვლად გარკვეულ შემთხვევაში. ნაცვალსახელთა ჯგუფები ნაცვალსახელი ენაში ცოტაა, მაგრამ მნიშვნელობით მრავალფეროვანია, გამოიყოფა ნაცვალსახელთა რამდენიმე ჯგუფი:
I და II პირის ნაცვალსახელები და მათი ფორმაწარმოების თავისებურება მე და ჩვენ I პირის ნაცვალსახელებია, შენ და თქვენ _ II პირისა. I და II პირის ნაცვალსახელები ბრუნვათა მიხედვით არ იცვლება, ოღონდ მე-ს ნათესაობითის მნიშვნელობით ჩემ ენაცვლება (თანდებულის დართვით: ჩემთვის, ჩემგან), ხოლო შენ და თქვენ ნაცვალსახელებს წოდებითში დასმულ სიტყვასთან ეკვეცებათ ნ: შე დალოცვილო, თქვე დალოცვილებო.
სახ. მე შენ ჩვენ თქვენ პირის ნაცვალსახელები ნათესაობითის მნიშვნელობით მხოლოდ თანდებულით იხმარება: ჩემთვის, ჩემგან, ჩემკენ, ჩემ მიერ, ჩვენთვის, ჩვენგან, ჩვენკენ, ჩვენ მიერ; შენთვის, შენგან, შენკენ, შენ მიერ; თქვენთვის, თქვენგან, თქვენკენ, თქვენ მიერ. ჩვენებითი ნაცვალსახელები და მათი ბრუნება
ჩვენებითი ნაცვალსახელებია: ეს, ეგ, ის (იგი); ასეთი, ეგეთი, ისეთი; ამნაირი, მაგნაირი, იმნაირი; ამისთანა, მაგისთანა, იმისთანა; ამდენი, მაგდენი, იმდენი. ამათგან ბრუნების თვალსაზრისით თავისებურია ეს, ეგ, ის (იგი), ხოლო დანარჩენები ისევე იბრუნვის, როგორც მსგავსი ფუძის ზედსართავი სახელები. ის და იგი სინონიმებია და გვიჩვენებენ იქ (1-ლი და მე-2- პირებიდან მოშორებით) მყოფს. ბრუნების ნიმუში: სახ. ეს ეგ იგი / ის
კითხვითი ნაცვალსახელები და მათი ბრუნება კითხვითი ნაცვალსახელებია: ვინ? რა? რომელი? როგორი? რანაირი? რამდენი? სადაური? როდინდელი? ვისი? რისა? ამათგან ორი _ ვისი? რისა? _ კითხვასთან ერთად კუთვნილებასაც გამოხატავს, რის გამოც მათ კითხვით-კუთვნილებითს უწოდებენ. ბრუნების ნიმუში: კითხვ. კითხვ.–კუთვნ. სახ. ვი–ნ ვის–ი კუთვნილებითი ნაცვალსახელები და მათი ბრუნება კუთვნილებითი ნაცვალსახელებია: ჩემი, შენი, მისი (ამისი, იმისი), ჩვენი, თქვენი, მათი (ამათი, იმათი), თავისი. ჩემი და ჩვენი პირველი პირის კუთვნილებას გამოხატავს, შენი და თქვენი _ მეორე პირისას, დანარჩენები _ მესამე პირისას. კუთვნილებით ნაცვალსახელებს მიცემითსა და ვითარებითში -ს უნდა დაერთოს: ჩემ-ს (შენ-ს, ჩვენ-ს, თქვენ-ს, მათ-ს) მეგობარ-ს. ზ მ ნ ა
არის მეტყველების ნაწილი, სრულმნიშვნელოვანი, ფორმაცვალებადი (უღლებადი) სიტყვა. ფუნქციურად ზმნა გამოხატავს კონსტრუქციაში სუბიექტად წარმოდგენილი პირის მოქმედებას (აკეთებს, კეთდება...) ან მდგომარეობას (დგას, წუხს...). ქართულ ენაში ზმნა სახელთან შედარებით რთული მეტყველების ნაწილია. სირთულეს უპირველესად განაპირობებს ზმნურ კატეგორიათა სიმრავლე. ზმნის მნიშვნელობასთან მიმართების თვალსაზრისით ზმნური კატეგორიები შეიძლება ორ ჯგუფად დალაგდეს – უღლების კატეგორიები და წარმოქმნის კატეგორიები (ა. შანიძე). უღლების კატეგორიებად მიჩნეულია ის კატეგორიები, რომლებიც ცვლის ზმნის გრამატიკულ მნიშვნელობას; ასეთებია: პირი, რიცხვი, დრო, კილო, გზისობა, აქტი, თანამდევრობა, მწკრივი. წარმოქმნის კატეგორიებად მიჩნეულია ის კატეგორიები, რომლებიც ცვლის ზმნის ლექსიკურ მნიშვნელობას; ასეთებია: გეზი, ორიენტაცია, ასპექტი, გვარი, ქცევა, კონტაქტი. ფორმალური გამოხატვის თვალსაზრისით ზმნის კატეგორიები იყოფა გრამატიკულ (მორფოლოგიურ) და სემანტიკურ კატეგორიებად. ამგვარ კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს გრამატიკული კატეგორიის, როგორც მორფოლოგიური კატეგორიის, ტრადიციული გაგება: გრამატიკული (მორფოლოგიური) კატეგორია არის ის კატეგორია, რომელიც გამოიხატება მორფოლოგიური საშუალებებით – აფიქსებით ან მორფოლოგიური ყალიბით. ამ გაგებით მორფოლოგიური კატეგორიებია: პირი, რიცხვი, მწკრივი, გვარი, ქცევა, კონტაქტი... სემანტიკური კატეგორიები – დრო, კილო, გზისობა, აქტი... ქართული ზმნური ფორმების ძირითად საკლასიფიკაციო ერთეულად მიიჩნევა გვარის კატეგორია (ა. შანიძე), ან სტატიკურობა და დინამიკურობა, ერთი მხრივ, და გარდამავლობა – გარდაუვლობა, მეორე მხრივ (არნ. ჩიქობავა). ქართული ზმნის სირთულის ერთ-ერთი საფუძველი აფიქსებთან დაკავშირებული პრობლემაა: ერთი და იგივე კატეგორია შეიძლება რამდენიმე აფიქსით გადმოიცეს და, პირიქით, მასალობრივად ერთი და იგივე აფიქსი შეიძლება რამდენიმე ფუნქციით მოგვევლინოს. ქართული ზმნის ძირითადი თავისებურებაა მრავალპირიანობა: ერთსა და იმავე დროს ზმნა შეიძლება მორფოლოგიურად დაკავშირებული იყოს რამდენიმე პირთან; ე. ი. ზმნაში აისახოს რამდენიმე პირი – სუბიექტურიც და ობიექტურიც. შესაბამისად, ზმნა შეიძლება იყოს ერთპირიანი (მასში აისახება მხოლოდ სუბიექტური პირი – იზრდება, დგას...), ორპირიანი (მასში აისახება სუბიექტური და ობიექტური პირი – მხატავს ის მე, გემალება ის შენ...), სამპირიანი (მასში აისახება სუბიექტური და ობიექტური პირები – გიხატავს ის შენ მას, მწერს ის მე მას...). იშვიათად, მაგრამ მაინც ზმნას ერთდროულად შეიძლება შეეწყოს ოთხის პირი (დამიჩაგვრინო შენ მე ის მას „შვილი არავის დამიჩაგვრინო – ილია“, მიჭმიე შენ მე ის მას...). პირიანობისა და ვალენტობის გარჩევამ ეს საკითხი დააზუსტა (ვალენტობა სინტაქსური კატეგორიაა: „ვალენტობა არის ზმნის უნარი, შეიწყოს წინადადების ბირთვში აქტანტი სახელების განსაზღვრული რაოდენობა“ – თ. გამყრელიძე)... რამდენადაც ზმნის ერთ ფორმაში შეიძლება აისახოს სუბიექტური და ობიექტური პირები, ზმნამ შეიძლება ფორმა იცვალოს როგორც სუბიექტური პირების მიხედვით, ისე ობიექტური პირების მიხედვით. პირველ შემთხვევაში გვექნება სუბიექტური წყობა, სუბიექტური უღლება; მეორე შემთხვევაში – ობიექტური წყობა, ობიექტური უღლება.
როგორც ითქვა, ზმნა ფორმაცვალებადი მეტყველების ნაწილია – უღლებადი სიტყვაა. უღლება – ზმნის ფორმაცვალებაა. ტერმინი უღლება იხმარება ორგვარი გაგებით: ვიწრო მნიშვნელობით – უღლება არის ზმნის ფორმათა ცვლა ერთი მწკრივის ფარგლებში პირისა და რიცხვის მიხედვით; ფართო მნიშვნელობით – უღლება არის ზმნის ფორმათა ცვლა მწკრივთა მიხედვით.
მწკრივის რაობა და სტრუქტურა
მწკრივი არის ენაში ზმნის არსებობის, მისი ფუნქციონირების ფორმა (ბ. ჯორბენაძე). მწკრივი არის ერთობლიობა ფორმებისა, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მხოლოდ პირისა და რიცხვის მიხედვით; შესაბამისად, ერთი მწკრივის ფორმებია:
მწკრივი იგივეა ზმნისათვის, რაც – ბრუნვა სახელისათვის. თუ ბრუნვის კატეგორიას ქმნის ბრუნვის ფორმათა ერთობლიობა, შესაბამისად, მწკრივის კატეგორიას ქმნის მწკრივის ფორმათა ერთობლიობა. ანუ: მწკრივის კატეგორია იმდენ წევრიანია, რამდენი მწკრივიც არის ენაში. შენიშვნა: მწკრივი არის სახელწოდება კატეგორიისაც და ამ კატეგორიის თითოეული წევრისა (შდრ.: ბრუნვის კატეგორია და თითოეული ბრუნვა); განსხვავებით სხვა კატეგორიებისაგან; მაგ.: რიცხვის კატეგორიის წევრებია მხოლობითი რიცხვი და მრავლობითი რიცხვი... მწკრივს აქვს თავისი ფუძე. მწკრივის ფუძე არის ის ნაწილი ზმნური ფორმისა, რომელსაც ჩამოშორებული აქვს პირისა და რიცხვის ნიშნები. ამგვარად: მწკრივის ფუძეა წერ-დ-ე _ ა-კეთ-ებ-დ-ე. შენიშვნა: ამთავითვე შევნიშნავთ: ზმნისწინითა და ხმოვანპრეფიქსებით განსხვავებული ფორმები სხვადასხვა ზმნებია ლექსიკურად; ზმნისწინითა და ხმოვანპრეფიქსებით განსხვავებული გეზი და ორიენტაცია, ასპექტი, ქცევა, გვარი წარმოქმნის კატეგორიებია (ა. შანიძე) გა-ვ-იკეთებ, ვ-ი-კეთებ, ვ-ა-კეთებ, ვ-უ-კეთებ _ სხვადასხვა ზმნებია... ანუ: მწკრივის ფუძის სტრუქტურას ქმნის «მარტივი ფუძე» (ძირეული მორფემა _ სკოლარული გაგებით), თემის ნიშანი, სავრცობი, მწკრივის ნიშანი. შენიშვნა: «მარტივი ფუძე», «ძირეული» მორფემა პირობითი ტერმინებია: იგულისხმება ის ნაწილი ზმნური ფორმისა, რომელიც წარმოდგენილია ყველა მწკრივის ფორმაში. შესაბამისად: კაუზატიურ ფორმებში «მარტივი ფუძე» იქნება კეთებინ, დონიან ვნებითებში _ კეთ-დ. ძირეული ამ შემთხვევაში არ უდრის ძირს ეტიმოლოგიური გაგებით: მარტივი ფუძე არის ის ნაწილი ზმნური ფორმისა, რომელიც საერთოა ზმნის სრული პარადიგმის ყველა წევრისათვის. შენიშვნა: სკოლარულ გამოცემებში პარადიგმის ყველა წევრისათვის საერთო ნაწილს ძირს უწოდებენ; თუმცა ძირად დაუშლელი ნაწილი გაიაზრება, რაც არ ითქმის სრული პარადიგმის საერთო ნაწილის შესახებ. პირობითია ტერმინიც მარტივი ფუძე; შედგენილობით «მარტივი ფუძე» შეიძლება იყოს «რთული» («თვალწინ გაისიგრძეგანა _ ამ ფორმაში სიგრძეგან «მარტივი ფუძეა»). თემის ნიშანი _ არის ის ნაწილი ზმნური ფორმისა, რომელიც განასხვავებს I სერიის რთულ თემას II სერიის მარტივი თემისაგან. ხატ-ავ-ს _ ხატ-ა. სავრცობი არის ის ნაწილი ზმნური ფორმისა, რომელიც აწმყოს (მყოფადის) მწკრივის ფორმას განასხვავებს უწყვეტლის (ხოლმეობითის) ფუძისაგან ხატ-ავ-დ-ა _ ხატ-ავ-ს თლ-იდ-და – თლ-ი-ს ტირ-ოდ-ა – ტირ-ი-ს მწკრივის ნიშანი არის ის ელემენტი ზმნური ფორმისა, რომელიც ორ, ერთმანეთთან ფორმობრივად დაკავშირებულ, მწკრივის ფუძეს განასხვავებს: შენიშვნა: ერთმანეთთან ფორმობრივად ურთიერთდაკავშირებულად მივიჩნევთ იმ ფუძეებს, რომლებიც ერთმანეთს მიემართებიან ან ხაზოვანი, ან ჩანაცვლების პრინციპით. თლ-ი-ის → თლ-იდ-ა, ერთი მხრივ, და და-ვ-წერ-ე და-ვ-წერ-ო _ მეორე მხრივ. სხვადასხვა მწკრივს სხვადასხვა ფუძე უნდა ჰქონდეს. სხვაგვარად, რამდენადაც ზმნურ ფორმათა წარმოება ფუძეთა წარმოების თემაა (არნ. ჩიქობავა), იმდენი მწკრივი გვექნება, რამდენი დამოუკიდებელი ფუძეც არის მწკრივისა. მწკრივის ანალიზისას გამოვყოფთ მწკრივის საყრდენ ფუძეს. მწკრივის საყრდენ ფუძეს ვუწოდებთ იმ ნაწილს მწკრივის ფუძისა, რომელსაც ჩამოშორებული აქვს მწკრივის ნიშანი. ვ-წერ-დ-ე; მწკრივის ფუძეა წერდე; მწკრივის ნიშანი -ე; მწკრივის საყრდენი ფუძე _ წერდ. მწკრივის ფორმათა წარმოების ხაზოვანი პრინციპის შემთხვევაში ერთი მწკრივის საყრდენი ფუძე სრულად შედის მეორე მწკრივის საყრდენ ფუძეში: ვ-ტირ-ი → ვ-ტირ-ოდ-ი ვ-ხატ-ავ → ვ-ხატ-ავ-დ-ი შენიშვნა: მწკრივის ფორმათა ნულოვანი წარმოებისას (ე. ი. როცა მწკრივის ნიშანი ნულოვანი მორფემაა), მწკრივის ფუძე და მწკრივის საყრდენი ფუძე ერთმანეთს ემთხვევა. მწკრივის ფორმათა წარმოების ჩანაცვლების პრინციპის შემთხვევაში ურთიერთჩანაცვლებად მწკრივებს საერთო საყრდენი ფუძე აქვს:
მწკრივის ფუძეზე საუბრისას მხედველობაში არ მიიღება მოქმედი ფონეტიკური პროცესის შედეგად მომხდარი ცვლილებებით მიღებული განსხვავებანი. მაგ. ვ-წერ-ე და წერ-ა I მაგალითში მწკრივის ფუძეა წერ-ე, მეორე მაგალითში წერ; მაგრამ ეს არის არასრული (მაწარმოებელმოკვეცილი) ვარიანტი მწკრივის ფუძისა: წერ-ე-ა → წერ-ა... ფუნქციური თვალსაზრისით მწკრივი რთული მონაცემია; პოლისემანტიკური მონაცემია. მასში ერთდროულადაა წარმოდგენილი ზმნის სხვადასხვა ფუნქციური კატეგორიები (ოდენ-ფუნქციური და ფორმობრივ-ფუნქციური): დრო, კილო, ასპექტი, გზისობა, აქტი... ერთობლიობა ამ ფუნქციებისა ქმნის მწკრივის სემანტიკას (კომბინაციები ამ ფუნქციებისა). მაგალითად:
ფორმობრივად განსხვავებული ეს ორი ერთეული სხვადასხვა მწკრივის ფორმაა, რადგანაც ისინი ფუნქციურ სხვაობასაც ავლენენ. ფუნქციურად განსხვავებული ორი მაგალითი არ ჩაითვლება სხვადასხვა მწკრივის ფორმებად, თუ მათ შორის არაა ფორმობრივი სხვაობა:
მწკრივის თვალსაზრისით გააკეთე წყვეტილია... ფორმობრივად ისე განსხვავებული ერთეულები, როგორიცაა:
ვერ ჩაითვლება სხვადასხვა მწკრივის ფორმებად, რადგანაც ფუნქციურად იდენტური ოდენობებია: ნებისმიერ კონტექსტში შეიძლება მოხდეს მათი ურთიერთჩანაცვლება. წარმოდგენილი წყვილები ერთი და იმავე მწკრივის ფორმობრივი ვარიანტებია.
მწკრივები და სერიები
ახალ ქართული სალიტერატურო ენაში 11 მწკრივს გამოყოფენ (ა. შანიძე, არნ. ჩიქობავა...). მწკრივთა დაჯგუფება ხდება საუღლებელი ფუძის პრინციპზე დამყარებით. საუღლებელი ფუძის პრინციპი ქართულ გრამატიკაში ნ. მარმა დაამკვიდრა. შესაბამისად 11 მწკრივი სამ სერიაში განაწილდა (ა. შანიძის ვარიანტი): I სერია 1. აწმყო (ვ-წერ...) 2. უწყვეტელი (ვ-წერ-დ-ი...) 3. აწმყოს კავშირებითი (ვ-აწერ-დ-ე...) 4. მყოფადი (და-ვ-წერ...) 5. ხოლმეობითი (და-ვ-წერ-დ-ი...) 6. მყოფადის კავშირებითი (და-ვ-წერ-დ-ე...)
II სერია წყვეტილი (და-ვ-წერ-ე...) II კავშირებითი (და-ვ-წერ-ო...)
III სერია I თურმეობითი (და-მ-ი-წერ-ი-ა...) II თურმეობითი (და-მ-ე-წერ-ა...) III კავშირებითი (და-მ-ე-წერ-ო-ს...)
შევნიშნავთ – ერთი და იმავე ცნების აღსანიშნავად სამეცნიერო ლიტერატურაში სხვადასხვა ტერმინი გამოიყენება (მწკრივი და ნაკვთი, სერია და წყება, უწყვეტელი და ნამყო უსრული, წყვეტილი და ნამყო ძირითადი და სხვ.). ჩვენ ამჯერად იმ ტერმინს ვანიჭებთ უპირატესობას, რომლებიც უფრო გავრცელებულია სახელმძღვანელოებსა თუ სახელმძღვანელოების ტიპის გამოცემებში. ზმნურ ფორმათა წარმოებაში ფორმობრივი პრინციპის უფრო მკაცრად გატარებით შესაძლებელი არის მწკრივთა რაოდენობა 8 ერთეულამდე იქნეს დაყვანილი – მყოფადის წრის მწკრივთა გამოყოფის რეალურობა ეჭვქვეშ დადგეს (გ. გოგოლაშვილი). სემანტიკური პრინციპის წინა პლანზე წამოწევით შესაძლებლად არის მიჩნეული 16 მწკრივის გამოყოფა – II და III სერიაში ზმნისწინიანი და უზმნისწინო ფორმები განსხვავებულ მწკრივებად იქნეს გაგებული (ა. არაბული). ამჯერად ტრადიციული ვარიანტის წარმოდგენას (11 მწკრივი) გამართლებულად მივიჩნევთ.
უღლების ტიპები
ზმნურ ფორმათა წარმოების საკითხი, ზმნების უღლება ქართული გრამატიკის ურთულესი უბანია. სხვადასხვა ზმნური კატეგორიებისა თუ ფორმაწარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით ზმნებს აჯგუფებენ უღლების ტიპებად. ჩვეულებრივ ზმნათა დაჯგუფება ხდება რამდენიმე ნიშნის მიხედვით. ა. შანიძის აზრით, «მთავარი ეს არის: როგორია ურთიერთობა სამივე სერიის ფორმებს შორის წარმოების თვალსაზრსით». ძირითად საკლასიფიკაციო ნიშნად გვარის კატეგორია არის მიჩნეული, დამატებით ნიშნად _ სტატიკურობა-დინამიკურობა. გამოიყო 4 ტიპი: „I ტიპი. უღლება მოქმ. გვარის ზმნებისა. ამათი მთავარი თავისებურება ის არის, რომ ისინი III სერიის ფორმებს ინვერსიულად აწარმოებენ. ამას გარდა, პირდაპირი მიმართების ფორმები მხოლოდ აქ არის შესაძლებელი. II ტიპი. უღლება დინამიკური ვნებითი გვარის ზმნებისა, ძირითადი განსხვავება პირველი ტიპის ზმნათა უღლებისაგან III სერიაში იჩენს თავს. თანაც აქ ზმნები განიყოფა იმის მიხედვით, ერთპირიანია ფორმა თუ ორპირიანი: ამას თავისი წარმოება აქვს და იმას _ თავისი. ამას გარდა, ამ ტიპის ზმნებს პირველი ტიპის ზმნათაგან განასხვავებს სავრცობი (ოდ). III ტიპი. უღლება საშუალ-მოქმედებითი (მედიოაქტივი) ზმნებისა. ამ ზმნებს შენაცვლების წესით აქვთ ნაწარმოები II და III სერიის ფორმები, აგრეთვე I სერიის მყოფადის წრისა. შენაცვლებისას გამოყენებულია იმავე ფუძის მოქმედებითის სათავისოს ან სასხვისოს ფორმები. IV ტიპი. უღლება საშუალ-ვნებითი (მედიოპასივი) ზმნებისა და სტატიკური ვნებითი გვარის ზმნებისა. ამათ ყველას აერთიანებს მწკრივების კლება (ან მეორე სერიისა მთლიანად, ან უწყვეტლისა და აწმყოს კავშირებითისა I სერიიდან). ამას გარდა, აწმყოში ესენი მეშველ ზმნას დაირთავენ პირველსა და მეორე პირში. თითოეული ტიპის შიგნით კიდევ არის თავ-თავისი დაყოფილება...» (ა. შანიძე). არსებობს სხვა თვალსაზრისიც; არნ. ჩიქობავას აზრით, «ქართული ზმნების ძირითადი საკლასიფიკაციო ერთეულებია: სტატიკური და დინამიკური ზმნები, ერთი მხრივ, გარდაუვალი და გარდმავალი ზმნები, მეორე მხრივ». ამისდაშესაბამისად, სამი ტიპი გამოიყო: I. დინამიკური ზმნები (ი- ვნებითიანი ტიპი) II. დინამიკური ზმნები (დ- ვნებითიანი ტიპი) III. სტატიკური ზმნები (ორი ქვეტიპით: ა) სტატიკური ერთპირიანი ზმნები ბ) სტატიკური ორპირიანი ზმნები...). როგორც პირველი, ასევე მეორე თვალსაზრისის მიხედვით ძირითადი ყურადღება ზმნურ ფორმათა წარმოების თავისებურებაზეა გამახვილებული. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ზმნა სხვადასხვა ვითარებას გვიჩვენებს მწკრივთა წარმოების შესაძლებლობის მიხედვით. ანუ: საინტერესოა, ფორმობრივი პრინციპის გათვალისწინებით, რა შესაძლებლობა აქვს ამა თუ იმ ზმნას ზმნური ფორმების წარმოებისა. თუ ამ პრინციპის მიხედვით ვეცდები ზმნათა დაჯგუფებას, აღმოჩნდება, რომ შესაძლებელია ზმნები სამ ჯგუფად დალაგდეს: ა) ზმნები, რომელთაც მხოლოდ ერთი _ აწმყო-მყოფადის _ მწკრივის ფორმა მოეპოვება; ბ) ზმნები, რომელთაც მხოლოდ I სერიის მწკრივთა ფორმები მოეპოვება და გ) ზმნები, რომელთაც ყველა მწკრივის ფორმა მოეპოვება; სქემა ასეთ სახეს მიიღებს:
შევნიშნავთ: მწკრივის ფორმათა წარმოების თვალსაზრისით აწმყო და მყოფადი, უწყვეტელი და ხოლმეობითი, აწმყოს კავშირებითი და მყოფადის კავშირებითი სხვაობას არ ქმნის, ამიტომ მათ ერთად წარმოვადგენთ (ბოლო წყვილს I კავშირებითის სახელწოდებით). უღლების ჯგუფების გამოყოფის დროს ამ ფაქტს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. გავიხსენოთ: «უღლება აღნიშნავს პირიანი ზმნის ფორმაცვალებას ყველა მწკრივში, რომელიც კი მოეპოვება აღებულ ზმნას» (ა. შანიძე). დაზუსტება _ «რომელიც კი მოეპოვება აღებულ ზმნას» _ გულისხმობს იმას, რომ ყველა ზმნას არა აქვს შესაძლებლობა ყველა მწკრივის ფორმათა წარმოებისა; ანუ: ზმნები განსხვავდება ერთმანეთისაგან იმის მიხედვითაც, თუ რა შესაძლებლობა აქვს მას მწკრივთა წარმოებისა. ვფიქრობთ: ზმნის ფორმობრივი ანალიზისას ზმნათა დაჯგუფება ამ ნიშნის მიხედვით უნდა მოხდეს: როგორია შესაძლებლობა ზმნისა მწკრივის ფორმათა წარმოებისა; სხვაგვარად: შესწევს თუ არა ზმნას უნარი ყველა მწკრივის ფორმათა წარმოებისა.
მწკრივის ფორმათა წარმოების შესაძლებლობის მიხედვით ზმნები სამ ჯგუფად შეიძლება დავყოთ; შესაბამისად გვექნება სამი ტიპი უღლებისა:
I ტიპის უღლებას განეკუთვნება ის ზმნები, რომელთაც მხოლოდ ერთი მწკრივის (აწმყო-მყოფადის) ფორმები მოეპოვებათ (ამჯერად, ა. წ. «ნასესხებ» ფორმებს მხედველობაში არ ვიღებთ). ამ ჯგუფში შემოვა: ა) ე. წ. სტატიკური ვნებითის ფორმები: აბია, აბარია, აბადია, ჰბურავს, ხურავს და მისთანანი. ბ) ე. წ. მედიოპასიურ ზმნათა ერთი ნაწილი: წევს, დგას, ძევს, სხედან და სხვა. ამ ტიპის ზმნები შეიძლება იყოს როგორც ერთპირიანი, ისე ორპირიანი: აბია / უბია, აგია / უგია, აგდია / უგდია, ასვია / უსვია, აფენია / უფენია... დგას / უდგას, ზის / აზის / უზის... ამ ტიპის ზმნათა უღლების ერთი დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ I და II სუბიექტური პირის ფორმებს მეშველი ზმნით იწარმოებენ:
ანდა:
ზოგი ზმნისათვის I-II სუბიექტური პირის ფორმები არ ჩანს ბუნებრივი: ჰბურავს, ხურავს...
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ამ ტიპის ზმნები ზმნისწინს არ დაირთავენ. დროული გაგება ამ ზმნებისა სტაბილურია _ აწმყოს გაგება აქვთ (ზოგადისა თუ კონკრეტულისა). II ტიპის უღლებას განეკუთვნება ის ზმნები, რომლებიც მხოლოდ I სერიის მწკრივთა ფორმებს იწარმოებს:
ძირითადად ამ ჯგუფში შემოდის ის ზმნები, რომელთაც მედიოაქტიურ ზმნებს ვუწოდებთ _ სწავლობს, ცხოვრობს, ამხანაგობს, ცრუობს, ტყუის... გარდა ამისა, რამდენიმე გარდამავალი დინამიკური ზმნა, ე. წ. მწკრივში მონაცვლე ზმნები _ ამბობს, იტყვის; შვრება, იზამს... სტატიკური ზმნები _ იცის, უწყის... და გარდაუვალი დინამიკური ზმნები _ იქნება, გაეძლება, გაემტყუნება... II ჯგუფის ზმნათა უმეტესობა უზმნისწინოა, ზმნისწინს ვერ იგუებს. ერთი ნაწილი მედიოაქტიური ზმნებისა ზმნისწინიანია, მაგრამ ზმნისწინი დროისა და ასპექტის გამოხატვის უნარს მოკლებულია; ეს ძირითადად მოძრაობის აღმნიშვნელი ზმნებია: მიდის, მირბის, მიფრინავს... ასეთი შეიძლება იყოს მი-თამაშობს, მო-თამაშაობს ტიპის ფორმებიც. არის ზმნათა ერთი ნაწილი, რომელიც ყოველთვის ზმნისწინიანია. ზმნისწინი ამ შემთხვევაში ზმნური ფორმის ლექსიკურ მნიშვნელობას განსაზღვრავს _ გაეძლება, გაემტყუნება, გაეწყობა...
შენიშვნა: 1. ამა თუ იმ ჯგუფის უღლების ზმნათა დახასიათება მორფოლოგიური თუ სემანტიკური თვალსაზრისით ცალკე კვლევის საგნად გვესახება. ამ შემთხვევაში ჩვენ დავკმაყოფილდებით მხოლოდ ზოგადი მითითებით ზმნათა ფორმობრივ-სემანტიკურ თავისებურებებზე. 2. ზმნისწინისა და ზმნური ფორმის ურთიერმიმართების საკითხი არსებით მნიშვნელობას იძენს, რამდენადაც, არის შემთხვევები, ა) როცა ზმნა ზმნისწინს საერთოდ ვერ იგუებს _ მეფობს, ამბობს, იტყვის, იცის... ადღეგრძელებს, ადარდებს... ბ) როცა ზმნური ფორმა ზმნისწინის გარეშე არ გვხვდება (ერთი და იმავე სემანტიკით) _ მიაგებს, მოასწავებს; დაეჯერება, დაიშვება... აღმოცენდება, განაგრძობს... გ) როცა პარალელური ზმნისწინიანი და უზმნისწინო ვარიანტები თანაბრადაა დასაშვები (ცხადია, ზმნისწინს გარკვეული ფუნქციები აქვს ამ შემთხვევაში): წერს და დაწერს, ქრის და მოქრის... ყოველივე ამის გათვალისწინება ამა თუ იმ ზმნის უღლების პარადიგმის შედგენისას აუცილებლად მიგვაჩნია. 3. ზმნისწინიან ზმნებში, ჩვეულებრივ, ერთსა და იმავე მარტივ ფუძესთან რამდენიმე ზმნისწინი შეიძლება შეგვხვდეს. ზმნისწინთა რაოდენობის საკითხი სხვადასხვა ფუძესთან სხვადასხვაგვარია. «ზმნური ფუძეების ლექსიკონი» ამ თვალსაზრისით ნათელ სურათს იძლევა. უმეტეს შემთხვევაში ზმნისწინთა შენაცვლება ფორმაწარმოებაზე გავლენას ვერ ახდენს. ასეთ შემთხვევაში მსჯელობისას მხოლოდ ერთ-ერთ ზმნისწინს მოვიყვანთ, ჩვეულებრივ, ნეიტრალური სემანტიკისას.
III ტიპის უღლებას მივაკუთვნებთ იმ ზმნებს, რომელთაც ყველა მწკრივის ფორმა მოეპოვებათ. ზმნისწინი ამ ტიპის ზმნებთან საგანგებო ყურადღებას იქცევს. წინა შენიშვნა უპირატესად ზმნებს შეეხებოდა. იმისდა მიხედვით, თუ როგორია ზმნისწინის მიმართება ზმნურ ფორმასთან, რამდენიმე ქვეჯგუფი შეიძლება გამოიყოს:
1. ზმნები, რომელთაც პარალელური _ ზმნისწინიანი და უზმნისწინო _ ფორმები აქვს ყველა მწკრივში (მსჯელობის სიმარტივისა და სურათის სიცხადისათვის მხოლოდ III პირის ფორმას მოვიხმობთ):
ამ ჯგუფში შემოვა მოქმედებითი გვარის ზმნათა ძირითადი ნაწილი. 2. ზმნები, რომელთაც მხოლოდ უზმნისწინო ფორმები მოეპოვება ყველა მწკრივში:
ამ ქვეჯგუფში შემოვა ძირითადი ნაწილი იმ ზმნებისა, რომლებიც სპეციალურ ლიტერატურაში საშუალი გვარის ზმნათა მონაცვლედ მიიჩნევა მყოფადის წრესა და II-III სერიების მწკრივებში: იაზროვნებს, იარსებებს, იმეტყველებს, იტრიალებს (ის), იეჭვიანებს, იექიმებს, იგულისხმებს... იდგება, იწვება... აქ გაერთიანდება ასევე ნაწილი დინამიკური გარდამავალი თუ გარდაუვალი ზმნებისა: ამხილებს, აწამებს, ბრძანებს, შობს, უდეპეშებს, თანაუგრძნობს, უმზერს... ასაზრდოებს, აშრომებს და სხვა.
3. ზმნები, რომელთაც მხოლოდ ზმნისწინიანი ფორმები მოეპოვებათ ყველა მწკრივში:
ამ ქვეჯგუფში შემოვა უმთავრესად ის ზმნები, რომელთაც ზმნისწინთა არქაული ფორმები შემოინახეს (აღიარებს, აღნუსხავს, აუთქვამს, აღჭურავს... განმუხტავს, განავრცობს... წარმოშობს... შთააგონებს...). არის სხვა შემთხვევებიც (დასძენს, მიირთმევს, მიქარავს, მოუწოდებს...), უმთავრესად ისეთი, როცა ზმნისწინის მოშორება ზმნას ლექსიკურ მნიშვნელობას შეუცვლის....
4. ზმნები, რომელთაც I სერიის მწკრივებში პარალელური _ ზმნისწინიანი და უზმნისწინო _ ფორმები მოეპოვებათ, ხოლო II და III სერიის მწკრივებში _ მხოლოდ ზმნისწინიანი:
ამ ქვეჯგუფში შემოვა უმთავრესად ვნებითი გვარის ზმნები. III ტიპის უღლების ზმნებში ზმნისწინი პოლიფუნქციურია: ხშირად ერთდროულად რამდენიმე ფუნქციის გამომხატველი.
შენიშვნა: ა) ე. წ. მედიოაქტიურ ზმნებთან არის ტენდენცია მო-, წა- ზმნისწინთა სპეციფიკური ფუნქციით გამოყენებისა (წაიბავშვებს, წაიპოეტებს... მოიბეჯითებს, მოისულელებს...). ზმნები, რომლებიც ამგვარი ფუნქციით გამოიყენებს ზმნისწინებს, მესამე ჯგუფში შევა _ ზმნისწინს ყველა მწკრივში შეინარჩუნებს. ბ) იმისდა მიხედვით, თუ რა სემანტიკას ანიჭებს ზმნისწინი ზმნურ ფორმას, ერთი და იგივე ზმნა სხვადასხვა ზმნისწინით შეიძლება სხვადასხვა ჯგუფში მოხვდეს. გ) ასევე: შეიძლება ერთი და იგივე ზმნა ზოგჯერ სხვადასხვა ტიპის უღლებაში მოხვდეს იმისდა მიხედვით, თუ რა მნიშვნელობით გამოიყენება. მაგ.: სცემს _ მნიშვნელობით «დედა ბავშვს სცემს» III ტიპის უღლებისა იქნება, ხოლო მნიშვნელობით «თმა კოჭებამდე სცემს» _ II ტიპის უღლებისა. ასევე: ცრის _ მნიშვნელობით «ქალი ფქვილს ცრის» III ტიპის უღლების ზმნაა, ხოლო მნიშვნელობით «წვიმა ცრის» _ II ტიპის უღლებისა.
მწკრივის ფორმათა წარმოების შესაძლებლობათა მიხედვით ზმნების დაჯგუფებამ ერთი საინტერესო ფაქტიც წარმოაჩინა: ა) თუ ზმნას აქვს უწყვეტელ-ხოლმეობითისა და I კავშირებითის ფორმები, აუცილებლად ექნება აწმყო-მყოფადის ფორმაც. ბ) თუ ზმნას აქვს II და III სერიის მწკრივთა ფორმები, აუცილებლად ექნება I სერიის მწკრივთა ფორმებიც. წესი შექცევადი არაა: ზმნას შეიძლება ჰქონდეს აწმყო-მყოფადის ფორმა, მაგრამ არ ეწარმოებოდეს სხვა მწკრივის ფორმები. ანდა: ზმნას შეიძლება ჰქონდეს I სერიის მწკრივთა ფორმები, მაგრამ არ ეწარმოებოდეს II და III სერიის ფორმები. ეს ფაქტები გარკვეულად მხარს უჭერს მწკრივთა ტრადიციულ დაჯგუფებას, მის მართებულობას...
ერთი საინტერესო კანონზომიერებაც ირკვევა: თუ ზმნას აქვს უწყვეტელ-ხოლმეობითის ფორმა, ექნება I კავშირებითიც. ასევე _ თუ ზმნას აქვს წყვეტილის ფორმა, ექნება II კავშირებითიც. ფაქტი იმითაა საინტერესო, რომ უწყვეტელ-ხოლმეობითი და I კავშირებითი, ერთი მხრივ, და წყვეტილი და II კავშირებითი, მეორე მხრივ, ურთიერთჩანაცვლებული ფორმებია. ასეთივე დამოკიდებულება არაა აწმყო-მყოფადსა და უწყვეტელ-ხოლმეობითს შორის. ეს ორი მწკრივი ერთმანეთს ხაზოვანი პრინციპით მიემართება.
საინტერესო კანონზომიერება ჩანს დაფარული ამ ფაქტებში.
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||