ქართული ენის ნორმალიზაციის საკითხები

 

                                                                                       ”ნორმათა დადგენის აუცილებლობა მით

                                                                                     უფრო მწვავედ იგრძნობა, რაც უფრო მეტი

   შესაძლებლობა  აქვს  ჩვენს სამწერლობო

   ენას, იყოს მონოლითური.”

                                              

                                         არნოლდ ჩიქობავა

 

 

ნორმა, როგორც შეგნებული ენობრივი დაგეგმვის რეალური შედეგი, გულისხმობს ენის როგორც გრამატიკულ, ისე ლექსიკოლოგიურ, სტილისტიკურ, ფონეტიკურ-ორთოგრაფიულ დონეს, ენის მთელ საკომუნიკაციო გამოვლენას, დაწყებული ლექსიკით და დამთავრებული ინტონაცია-მოდალობით.

სალიტერატურო ენისადმი ნორმატიული მიდგომა მიზნად ისახავს, მიღწეულ იქნეს სალიტერატურო ენის სტაბილიზაცია და მონოლითურობა, მოხდეს ნორმათა უნიფიკაცია ისე, რომ, ერთი მხრივ, ხელი არ შეეშალოს ენის საყოველთაო ფუნქციონირებას, ხოლო მეორე მხრივ _ არ დაბრკოლდეს ცოცხალი სალიტერატურო ენის განვითარება, რათა საგრძნობლად არ გაიზარდოს განსხვავება ზეპირსა და მწიგნობრულ ენას შორის. ნორმალიზაციის ობიექტური საფუძველია აგრეთვე ნორმატიული ვარიანტულობის შენარჩუნება. ნორმა განისაზღვრება არა მხოლოდ მაშინ, როცა ფორმათა ვარიანტულობა იჩენს თავს, არამედ ყველა შემთხვევაში, როცა კი ორთოგრაფიული სირთულეებია მოსალოდნელი.

მოცილე ფორმათაგან უპირატესობა ენიჭება იმას, რომელიც შეესაბამება ენის განვითარების ძირითად ხაზს, მის ბუნებრივ ტენდენციებს და პერსპექტიულია ენობრივად.

თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დადგენის პრინციპები, არნ. ჩიქობავას მიერ შემუშავებული დებულებების საფუძველზე, 1935 წელს დაამტკიცა ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა რესპუბლიკურმა კომისიამ. ეს პრინციპებია:

1. ქართული სალიტერატურო ენის ნორმების შემუშავების დროს მაქსიმალურად გამოყენებული უნდა იქნეს დამკვიდრებული ენა ქართული ლიტერატურის კლასიკოსებისა. არ უნდა შეიქმნეს ხელოვნური ნორმები, ცოცხალი ენისაგან დაშორებული.

2. გადასინჯვას არ მოითხოვს და უცვლელად უნდა დარჩეს ისეთი ლექსიკური, მორფოლოგიური და სინტაქსური მონაცემი, რომელიც სალიტერატურო ქართულში მხოლოდ ერთი სახით გვხვდება, მაშინაც კი, როცა ეს სავსებით უმართებულოა ქართული ენის გრამატიკული სისტემის თვალსაზრისით.

3. როცა სალიტერატურო ქართულში ორი ან მეტი მოცილე მორფოლოგიურ-სინტაქსური მოვლენა იჩენს თავს, საკითხი უნდა გადაწყდეს იმის სასარგებლოდ, რომელიც:

ა) უფრო გავრცელებულია კლასიკოსთა ენაში და ეგუება ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ტენდენციას;

ბ) გამართლებულია ქართული ენის დღევანდელი გრამატიკული სისტემით, ესე იგი, გრამატიკულად კანონიერია და არ არღვევს ამ სისტემით ნაგულისხმევ თანამიმდევრობას;

გ) სხვა თანაბარ პირობებში წარმოების პრინციპის მიხედვით უფრო მარტივია;

დ) სხვა თანაბარ პირობებში მნიშვნელობის მიხედვით უფრო ნათელია.

შენიშვნა: იშვიათ შემთხვევაში, როცა ერთმანეთის მოცილედ გამოდის ორი ან მეტი პარალელური ფორმა, რომლებიც თანაბრად კანონიერია გრამატიკული სისტემის თვალსაზრისით, მაგრამ ხმარების მიხედვით კლასიკოსების ენაში გადაჭრით არც ერთს არა აქვს უპირატესობა, შესაძლებელია ისინი დარჩნენ პარალელურად.

4. ორთოგრაფიული საკითხების მოგვარებისას სავალდებულოა დარჩეს ერთი ფორმა. ამ შემთხვევაში მოცილე მოვლენათაგან უპირატესობა უნდა მიეცეს იმას, რომელიც:

ა) უფრო გავრცელებულია სალიტერატურო ქართულში;

ბ) გამართლებულია ეტიმოლოგიურად და მორფოლოგიურად;

გ) მისაღებია ქართული ენის ბუნებრივ კომპლექსთა თვალსაზრისით.

 

მწერლობაში ახალი სალიტერატურო ქართული საბოლოოდ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მკვიდრდება. ეს დიდმნიშვნელოვანი მობრუნება ქართული სალიტერატურო ენის განვითარებაში ილია ჭავჭავაძის სახელს უკავშირდება. სწორედ ამ დროიდან იწყება არსებითი ხასიათის მუშაობა სალიტერატურო ენის საცილობელ საკითხთა მოსაგვარებლად: სალიტერატურო ენამ ხელი აიღო ძველი ასოების ხმარებაზე.

უკვე XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან პრესაში იბეჭდება წერილები ქართული სალიტერატურო ენის სადავო ფორმათა შესახებ. ამგვარი მუშაობა კიდევ უფრო გაძლიერდა XX საუკუნის დასაწყისში, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც დაარსდა თბილისის უნივერსიტეტი. 1921 წელს გამოვიდა წიგნაკი «სალიტერატურო ქართულისათვის», 1925 წელს დაარსდა ცენტრალური სატერმინოლოგიო კომისია, მოგვიანებით კი განათლების სახალხო კომისარიატთან შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც გამოიმუშავა სალიტერატურო ენის სადავო საკითხთა მოწესრიგების ძირითადი პრინციპები და დაადგინა სალიტერატურო ენის ზოგიერთი ნორმა.

სწორედ ამ ნორმათა საფუძველზე დამუშავდა «სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონი», რომელიც 1941 წელს გამოიცა, მეორე გამოცემა 1946 წელს დაიბეჭდა, ხოლო მესამე _ 1949 წელს, 1968 წელს კი გამოქვეყნდა ვ. თოფურიასა და         ივ. გიგინეიშვილის ვრცელი «ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი».

1946-1947 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებობდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია, ხოლო მოგვიანებით საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან შეიქმნა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისია. 1963 წელს კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში შეიქმნა ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება, სადაც განიხილებოდა ქართული სალიტერატურო ენის განვითარების პროცესში წარმოშობილი სადავო საკითხები და მუშავდებოდა ნორმათა პროექტები ამ საკითხთა მოსაგვარებლად.

1970 წელს გამოიცა «თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები» (I კრებული). როგორც 1968 წელს გამოცემულ «ქართული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონს», ისე 1970 წელს გამოქვეყნებულ «თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების» პირველ კრებულს დამატების სახით ერთვის ადამიანთა საკუთარი სახელების სარეკომენდაციო სია.

კომისიის ხელშეწყობით დაიწყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეტყველების კულტურის განყოფილების კრებულის _ «ქართული სიტყვის კულტურის საკითხების» გამოცემა. 1972 წლიდან დღემდე გამოსულია 12 წიგნი, რომლებშიც, საკითხთა კვლევასთან ერთად, წარმოდგენილია ამა თუ იმ ორთოგრაფიულ თუ სტილისტიკურ სირთულეებთან დაკავშირებული რეკომენდაციებიც.

თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები დაიბეჭდა აგრეთვე მინისტრთა საბჭოს ბიულეტენებში: 1985 წ. #1-2 და 1987 წ. #3.

1998 წელს გამოიცა ვ. თოფურიასა და ივ. გიგინეიშვილის «ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი», რომელიც წინა გამოცემასთან შედარებით სამჯერ არის გაზრდილი. წმინდა ორთოგრაფიული საკითხების გარდა იგი მოიცავს     ცალკეულ სინტაქსურ თუ ლექსიკურ-სტილისტიკურ სირთულეებსაც.

1965 წლიდან მოყოლებული დღემდე სამჯერ გამოიცა ვ. თოფურიას «ქართული ენა და მართლწერის ზოგიერთი საკითხი», 2002 წელს გამოვიდა შ. აფრიდონიძის «ჩვენი ენა ქართული», ამავე წელს გამოიცა «ჟურნალისტის სტილისტიკური ცნობარი», 2004 წელს გამოქვეყნდა ლ. ლეჟავას «ახალი ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის ისტორია და პრინციპები», ამავე წელს გამოიცა ავთ. არაბულის «ქართული მეტყველების კულტურა», 2009 წელს დაიბეჭდა «ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი» (I ნაწილი) და მრავალი სხვა.

ქართული მეტყველების კულტურის განყოფილებაში გამოსაცემად მზადდება: «ქართული სიტყვის კულტურის საკითხები», ტ. XIII; «პარონიმების ლექსიკონი»; «ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი», II ნაწილი; «აბიტურიენტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი»; «სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონი»; აგრეთვე _ «ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის» შევსებული ვარიანტი (ელექტრონული ვერსია).

 


 

საიტზე განთავსებულია კრებული ”თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები”. პირველი კრებული. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ენათმეცნიერების ინსტიტუტი. თბილისი 1986წ. გამომცემლობა ”მეცნიერება”.

კრებულში შეტანილია თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დადგენის პრინციპები და ამ პრინციპთა საფუძველზე დადგენილი ნორმები. ნორმები ეხება თანამედროვე სალიტერატურო ენის ორთოგრაფიას, სიტყვაწარმოების, სახელთა ბრუნებისა და ზმნებს უღვლილების და სიტყვათა შეწყობის სადავო საკითხებს. სათანადო ადგილი აქვს დათმობილი უცხო ენებიდან მომდინარა სიტყვათა ქართულად გადმოცემის საკითხებსაც.

კრებულის სრულად ჩამოსატვირთად მიჰყევით ბმულს (PDF-31,5M)