![]() |
|
ორთოეპია
ორთოეპია ბერძნული სიტყვაა და მართლმეტყველებას გულისხმობს. არსებობს მეტყველების გამოვლენის ორი ფორმა _ ზეპირი და წერილობითი. სალიტერატურო ენის დონეზე ორივე მათგანი ნორმატიული ხასიათისაა; ორივეს ნორმატიულობის საკუთარი კრიტერიუმი აქვს. ზეპირმეტყველების კანონებს განსაზღვრავს ორთოეპია, ხოლო წერითი მეტყველებისას _ ორთოგრაფია. ამდენად, მათ შორის, როგორც შესაბამის სფეროებს შორის, განუყოფელი ერთობაა. ქართულისათვის, როგორც ცნობილია, ტრადიციულად დამახასიათებელია ზეპირი და წერითი მეტყველების ტრადიციული სიახლოვე, ისტორიული განვითარების პროცესში მწიგნობრული (წერილობითი) ენის ნაკლები დაშორება ზეპირმეტყველებასთან. ორთოეპიული ნორმები ხანგრძლივად, საუკუნეთა განმავლობაში ყალიბდება და მკვიდრდება. ორთოეპიის პრობლემასაც ვარიანტულობა განაპირობებს. ამ პროცესისათვის მეტი სტიქიურობა და ბუნებრიობაა დამახასიათებელი, ვიდრე მართლწერისათვის. ორთოეპიული პრობლემების თავისებურება ის არის, რომ ისინი ბევრად უფრო სწრაფად ექცევიან ცოცხალი ენობრივი პროცესების გავლენის სფეროში, ვიდრე ორთოგრაფიის ნორმები. ეს გავლენა შეიძლება მომდინარეობდეს როგორც რომელიმე კუთხური მეტყველებიდან, ისე უცხოენოვანი გარემოდან. ორთოეპია განისაზღვრება როგორც სალიტერატურო ენის იმ საწარმოთქმო ნორმათა ერთობლიობა, რომლებიც სალიტერატურო მეტყველების მთლიანობასა და ერთგვაროვნებას განაპირობებენ. ორთოეპიის ამოცანები მოიცავს როგორც მეტყველების ძირითად ელემენტებს – ბგერებს (ფონემებს), ისე ზესეგმენტურ მონაცემებს ( მახვილს, ინტონაციას...); მისი ობიექტია ნებისმიერი ასპექტი ზეპირმეტყველებისა. ნორმალურ ხმას უნდა ახასიათებდეს: სუფთა ტემბრი, სიძლიერე და ძალდაუტანებლობა. წარმოთქმისას ასევე გასათვალისწინებელია რიტმი, ტემპი, პაუზა. ტემპი სამეტყველო ნაკადის საერთო სისწრაფეს გამოხატავს, რიტმი სამეტყველო ნაკადის მოწესრიგებული თანამიმდევრობაა. პაუზა ემსახურება ფრაზის აზრობრივ დანაწევრებას. წარმოთქმის ერთ–ერთი ყველაზე მყარი მახასიათებელია ინტონაცია. სალიტერატურო წარმოთქმაზე მუშაობის ერთ–ერთი ამოცანაა კუთხური ინტონაციის დაძლევა. ამასთანავე, უფრო აქტუალური ხდება ამა თუ იმ უცხო ენის საერთო ინტონაციის გავლენის დაძლევა ქართულ სალიტერატურო წარმოთქმაზე. წარმოთქმის გამართულობა დამოკიდებულია სამეტყველო აპარატზე, რომელსაც ორ ძირითად ნაწილად ყოფენ: სასუნთქი აპარატი და საწარმოთქმო (საარტიკულაციო) აპარატი. საწარმოთქმო პრობლემებია: ხმოვანთა მაგარი შემართვის საკითხი; ცხვირისმიერობის დაძლევის პრობლემა; ხმოვანთა თავმოყრის საწარმოთქმო დაძლევა; ვ ბგერის სწორად წარმოთქმის პრობლემა; ლ ბგერის სწორად წარმოთქმის პრობლემა; თანხმოვანთა წარმოთქმასთან დაკავშირებული საკითხები; უცხო ენათა სპეციფიკური ბგერების ქართულად გადმოცემის საკითხი. |
|